მიხეილ სააკაშვილი - ვინც უკრაინელებს იანუკოვიჩის დაკავების პირობა მისცა, მე დამიჭირა
მიხეილ სააკაშვილი - ვინც უკრაინელებს იანუკოვიჩის დაკავების პირობა მისცა, მე დამიჭირა

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში მის დაკავებას და სასამართლოს მიერ გათავისუფლებას გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

„ვინც უკრაინელებს ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების პირობა მისცა, მათ მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს. ბრავო, ბრავო! მოსამართლემ მოისმინა ყველაფერი და გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც წესი, ორი-სამი საათის შემდეგ აცხადებენ გადაწყვეტილებას. ჩემს შემთხვევაში, მოსამართლე 10 წუთში გამოვიდა და გამათავისუფლა. ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იყო სრული ისტერიკა. ლუცენკო დარბის ტელევიზიებში და პატრონს სურს დაუმტკიცოს, რომ ის არაა დამნაშავე და მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

მიხეილ სააკაშვილმა ტოკშოუში აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ისეთი სუსტია, როგორც არასდროს.

„ეს არა იმიტომ, რომ მე ვარ ძლიერი. არა. მე ერთი უიარაღო პირი ვარ. მაქვს ბევრი მინუსი. ეთნიკურად არ ვარ უკრაინელი. მე აქ მხოლოდ საბაბი ვარ. მე მინდა დავეხმარო უკრაინას და ვიბრძოლებ ბოლომდე. ეს ხელისუფლება მალე აღარ იქნება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა იქნება ამის შემდეგ. როგორ გავაკეთოთ ეს მშვიდობიანი გზით, როგორ გავაკეთოთ დიალოგით, რათა არ დავკარგოთ ქვეყანა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დიალოგის გზით, მშვიდად. დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ყველასთან, არსებული ხელისუფლების და პრეზიდენტის ჩათვლით. პირველ რიგში, უნდა ვესაუბროთ უკრაინის საზოგადოებას. ხალხს მათი არ ეშინია. ხალხს გაურკვევლობის ეშინია. ფიქრობენ, რა იქნება ხვალ და რა იქნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რომ პოლიტიკოსებმა ისინი ისევ არ დაივიწყონ. ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი ჯერ არ გაგვიცია. მთავარია, ხელისუფლების სისუსტე ქვეყნის სისუსტეში არ გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.