უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დღეს გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დღეს გაიმართება. პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატებისთვის ყველა ადგილი შევსებულია. მოედანზე 70 ათასი ადამიანი ეტევა. დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსში დებატებისთვის 14 აპრილს მივიდა. მოქმედი პრეზიდენტი მეტოქეს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა ზელენსკი დებატებზე არ გამოცხადდა.
გუშინ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პოროშენკომ აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმ მოქალაქეების არჩევანს, რომლებმაც მის ოპონენტს დაუჭირეს მხარი. მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის პოლიტიკური ელიტის განახლების ძლიერი მოთხოვნა, რომლის უგულველყოფა არ შეიძლება.
გუნდის წევრები წარადგინა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მან დაადასტურა, რომ 19 აპრილს კიევის სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე მივა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი 15,94 პროცენტი.