პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსში მივიდა, სადაც ვლადიმირ ზელენსკისთან დებატები ჰქონდა დაგეგმილი
პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსში მივიდა, სადაც ვლადიმირ ზელენსკისთან დებატები ჰქონდა დაგეგმილი

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსში მივიდა, სადაც მას პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკისთან დებატები ჰქონდა დაგეგმილი. პოროშენკომ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურში ნამდვილი პრეზიდენტი აირჩიონ.

„ქვეყანამ უნდა აირჩიოს ნამდვილი პრეზიდენტი და მთავარსარდალი“,- აღნიშნა პოროშენკომ.

„ჩვენ ავირჩიეთ დებატები, რადგან ეს დემოკრატიის ნიშანია. თუ ბატონი ზელენსკი უკვე დაბრუნდა პარიზიდან, თუ მისთვის უკრაინა მთავარია, ველოდებით მის დებატებს. ჩვენ მას ყოველ დღე დავპატიჟებთ“, – განაცხადა პოროშენკომ, რა დროსაც სტადიონზე შეკრებილებმა დაიწყეს სკანდირება „ვოვა, გამოდი!“.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, ვლადიმირ ზელენსკის ერთი საათის განმავლობაში დაელოდოს.

ვლადიმერ ზელენსკი დებატებზე არ გამოცხადდა. მან ჯერ კიდევ 3 აპრილს შესთავაზა პეტრო პოროშენკოს დებატების სტადიონზე 19 აპრილს გამართვა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 30,24% დააგროვა, პეტრო პოროშენკომ კი – 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.