უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ჯარები ემზადებიან შეტევების განახლებისთვის, სავარაუდოდ ოკუპანტები გააგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკსა და ლუგანსკზე
უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ჯარები ემზადებიან შეტევების განახლებისთვის, სავარაუდოდ ოკუპანტები გააგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკსა და ლუგანსკზე

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ემზადებიან შეტევების განახლებისთვის სლავიანსკის, კურახოვოსა და ავდეევკის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„შემტევი ძალების შექმნისა და რეზერვების ფორმირების შემდეგ, მტერი შეეცდება, განაახლოს შეტევა ბარვინკოვესა და სლავიანსკის მიმართულებით. სავარაუდოდ, ოკუპანტები გააგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არსებული შეხების სრული ხაზის გასწვრივ. ისინი თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ პოპასნაიას, რუბეჟნოეს, მარიუპოლის დასახლებების ხელში ჩასაგდებად, ასევე ვუჰლედარისა და მარინკას დასახლებების ტერიტორიებზე წვდომის მოსაპოვებლად. ისინი ასევე მოემზადებიან შეტევისთვის კურახოვოსა და ავდეევკას მიმართულებებით“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ამავდროულად დაქვეითებულია დონეცკის მიმართულებით მოქმედი რუსული პირველი საარმიო კორპუსის ქვედანაყოფების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დონე და ეს განპირობებულია მათი ქვედანაყოფების მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რომელთა შევსება მობილიზებულთა ხარჯზე მოხდა.

გენშტაბის ცნობით, კვლავ ნარჩუნდება ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო იერიშის საფრთხე. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ოკუპანტები გააგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.