უკრაინის გენშტაბი - რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ
უკრაინის გენშტაბი - რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ.

როგორც უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ საინფორმაციო ბიულეტენშია აღნიშნული, რუსი სამხედროები კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინელების პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებიდან. მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით რუს სამხედროებს აქტიური შეტევა არ განუხორციელებიათ და ფოკუსირებულები იყვნენ დაზვერვაზე. დონეცკის მიმართულებით რუსეთის არმია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ისროდა სხვადასხვა შეიარაღებიდან, რათა არ დაეშვა უკრაინელი ჯარისკაცების გადაჯგუფება.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებებ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ბლოკირებას. დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას. დაფიქსირდა მოქალაქეთა დაკავების შემთხვევებიც.

ამას გარდა, უკრაინული მხარის ცნობით, რუსი სამხედროები ძარცვავენ გლეხებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ კამენკადან გატაცებულია 60 ტონა ხორბალი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ცხრა შეტევის მოგერიება შეძლეს.