უკრაინის გენშტაბი - რუსეთი აგრძელებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მობილიზაციას და ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი აგრძელებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მობილიზაციას და ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთი კვლავაც აგრძელებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მობილიზაციას და ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არ წყვეტს შეტევას აღმოსავლეთ საოპერაციო ზონაში.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები აგრძელებენ გადაჯგუფებას, საცეცხლე წერტილების მოწყობას და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის აღდგენას. მათივე თქმით, რუსი ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფანზე კონტროლს ინარჩუნებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 11 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 8 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 5 ავტომობილი. განადგურებულია 14 საფრენი აპარატი.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოპასნაიასა და რუბეჟნოეში. ოკუპანტები ცდილობენ, მიიტანონ შეტევა ქალაქ ლიმანსა და სევეროდნოეცკზე.

ამასთან, გუშინ ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, სადაც სხვადასხვა ცნობებით, 20-ზე მეტი შენობა დაზიანდა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, სამხრეთის მიმართულებაზე რუსეთს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ინარჩუნებს დაკავებულ ტერიტორიებს. კვლავაც რთული რჩება ვითარება მარიუპოლში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთმა განაახლა ქალაქში მდებარე ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი.