უკრაინის გენშტაბი - ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან
უკრაინის გენშტაბი - ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან

ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან​​. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი. მათი ცნობით, 21 სექტემბრიდან უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი.

ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ 3-4 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში რუსეთი სარეზევრო ძალებით ცდილობს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ ლუგანსკის ოლქში, დასახლება სვატოვოდან უკან დახევის დროს რუსმა სამხედროებმა დანაღმეს დამბა, შედეგად კრამატორსკის რაიონის ერთი დასახლება დაიტბორა.

გენშტაბის ინფორმაციით, შენარჩუნებულია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხეც. ზაპოროჟიეში 6 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. კიდევ 5 უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.