უცნაურად კაშკაშა უძველესმა გალაქტიკებმა შესაძლოა, უდიდესი კოსმოსური საიდუმლო ამოხსნან
სამყარო ისეთი კაშკაშა არ შექმნილა, როგორსაც დღეს ვხედავთ. პირველი 500 მილიონი წლის განმავლობაში ის ნეიტრალური წყალბადით სავსე წყვდიადში იყო ჩაძირული. შემდეგ წყალბადი რაღაცამ რადიაციით აავსო, მოახდინა მისი იონიზაცია და გაჩნდა სინათლეც.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია პირველი ულტრაიისფერი სინათლის აკაშკაშება. თუმცა, ნასას სპიტცერის ინფრაწითელი კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული ახალი დაკვირვებების შედეგად, უკვე გვაქვს გარკვეული პასუხი. ადრეული სამყაროს შორეულ მისადგომებთან მან შენიშნა უცნაური გალაქტიკები, რომლებიც მოსალოდნელზე უფრო კაშკაშაა.
სამყაროს ადრეული წლების კვლევა ზედმეტად რთულია, მაგრამ საკმაოდ კარგად გვაქვს შექმნილი ე. წ. რეიონიზაციის ეპოქის ქრონოლოგია.
დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო კოსმოსური მასშტაბის ბნელ, „პირველყოფილ სოუსს“ წარმოადგენდა, რომელიც სწრაფად ფართოვდებოდა.
გაფართოებასთან ერთად, სამყარო ცივდებოდა, რის გამოც პროტონებმა და ნეიტრონებმა იონიზებული წყალბადის ატომებში გაერთიანება დაიწყეს. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 240 000-300 000 წლის შემდეგ, ამ ატომებმა ელექტრონები მიიზიდეს და ნეიტრალურ წყალბადად გაერთიანდნენ.
თუმცა, ამ წყვდიადში პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები მაშინ გამოჩნდა, როცა ულტრაიისფერმა, გამა და რენტგენულმა გამოსხივებამ ნეიტრალურ წყალბადთან შეჯახება დაიწყო, ელექტრონები გააცალა და მოახდინა მისი იონიზაცია.
დიდი აფეთქებიდან მილიარდი წლის თავზე, სამყარო უკვე გამჭვირვალე და კაშკაშა იყო.
თუმცა, როგორ? იმ მომენტში სამყაროში არსებული ნეიტრალური წყალბადის ოდენობიდან გამომდინარე, სინათლის წარმოსაქმნელად მას უზარმაზარი ოდენობის რადიაცია სჭირდებოდა. გაურკვეველიც სწორედ ესაა — რამ წარმოშვა ამისათვის საკმარისი რადიაცია. იყო თუ არა საკმარისი ახლად დაბადებული ვარსკვლავები? კაშკაშა გალაქტიკები? კვაზარები ან ეს ყველაფერი ერთად?
ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომის, სტეფან დე ბაროსის განცხადებით, ეს კოსმოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი პასუხგაუცემელი კითხვაა. ვიცით, რომ ის მოხდა, მაგრამ რამ გამოიწვია? ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, სწორედ ამ კითხვას გასცეს პასუხი.
სპეციალურ დაკვირვებათა ფარგლებში, სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი ასობით საათის განმავლობაში აკვირდებოდა ცის კონკრეტულ რეგიონებს. დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ანუ დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 730 მილიონი წლის შემდეგ, იგი აკვირდებოდა 135 გალაქტიკას, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ჩვენთან ახლომდებარე გალაქტიკებისგან.
ამ გალაქტიკებში დომინირებს ახალგაზრდა, ცხელი, მასიური ვარსკვლავები, რომლებიც ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. თუმცა, შეიმჩნევა მძიმე ელემენტთა კვალიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სამყაროს პირველი თაობის ვარსკვლავები არ არიან.
გალაქტიკები განსაკუთრებით კაშკაშაა ორ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში, რომელსაც წარმოქმნის ურთიერთქმედება იონიზებულ რადიაციას, წყალბადსა და ჟანგბადის აირებს შორის. შესაძლოა, სწორედ ამ გალაქტიკებს შეეტანათ წვლილი რეიონიზაციის ეპოქაში.
ასტრონომ გართ ილინგვორთის განცხადებით, ათი წლის განმავლობაში ჰაბლით და სპიტცერით მიმდინარე დაკვირვებებმა გამოავლინა, თუ რამდენად განსხვავდება ეს ადრეული გალაქტიკები უფრო გვიანდელებისგან. გარდა ამისა, გარკვეული ცნობები მოგვცა იმის შესახებაც, როგორ მოახდინეს გალაქტიკებმა ასე ეფექტიანად სამყაროს რეიონიზაცია.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში წვლილი შეიძლება ასევე შეიტანეს ინდივიდუალურმა ვარსკვლავებმა და უკიდურესად კაშკაშა კვაზარებმაც. რეიონიზაციის ეპოქა მხოლოდ ერთეული მოვლენა არ ყოფილა. ის უფრო ფარდის ნელა აწევას გავდა, პროცესი, რომელიც ასობით მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამ პროცესში ერთზე მეტი ფაქტორი იყო ჩართული.
სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი 2003 წელს გაუშვეს და უზარმაზარი წვლილი შეიტანა ინფრაწითელ ასტრონომიაში. ნასა ამჟამად მის მემკვიდრეზე, ტელესკოპ WFIRST-ზე მუშაობს, რომელიც 2025 წელს გაეშვება.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.