აღმოჩენილია დიდი აფეთქების ნარჩენი უიშვიათესი, ხელუხლებელი ღრუბელი
აღმოჩენილია დიდი აფეთქების ნარჩენი უიშვიათესი, ხელუხლებელი ღრუბელი

ჰავაის კეკის ობსერვატორიის ასტრონომებმა გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს. ეს გახლავთ უძველესი სამყაროს უიშვიათესი რელიკვია — გაზის „ნამარხი ღრუბელი“, რომელიც დაახლოებით დიდი აფეთქების დროს არის წარმოქმნილი.

ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი აღმოჩენა მრავალ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის სამყაროს წარმოშობისა და მისი ადრეული შემადგენლობის შესახებ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ფრედ რობერტის განცხადებით, სამყაროში ყველგან, სადაც გაიხედავ, გაზები დაბინძურებულია აფეთქებულ ვარსკვლავთა მიერ გამოტყორცნილი მძიმე ელემენტებით, მაგრამ ეს კონკრეტული ღრუბელი წარმოუდგენლად სუფთა, ვარსკვლავებისგან დაუბინძურებელია დიდი აფეთქებიდან 1,5 მილიარდი წლის შემდეგაც კი.

ჯგუფმა კეკის ობსერვატორიის ორი სპექტრომეტრი გამოიყენა, რომლებსაც წარსულში ეგზოპლანეტათა საძებნელად იყენებდნენ.

ნამარხი ღრუბელი ასტრონომებმა უკიდურესად კაშკაშა კვაზარის წყალობით შენიშნეს. კვაზარი ციური სხეულია, რომელიც უზარმზარი ოდენობის ენერგიას გამოყოფს.

როგორც სპექტრომეტრის მიერ შეგროვებული მონაცემებიდან ირკვევა, ღრუბელუ უკიდურესად დაბალი სიმკვრივისაა, რამაც ასტრონომები დაარწმუნა, რომ ის „ნამდვილად დიდი აფეთქების რელიკვიაა“. ცნობილია, რომ ასეთი ნაშთები თითქმის ხელუხლებელია აფეთქებულ ვარსკვლავთა ნაწილაკებისგან, რომლებითაც სავსეა დანარჩენი გალაქტიკა.

ამ განსაკუთრებული აღმოჩენის წყალობით, მსგავსი ნამარხი ღრუბელი შესაძლოა, მომავალშიც ბევრი აღმოვაჩინოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ორი ასეთი ღრუბელი 2011 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს.

კვლევის კიდევ ერთი ავტორის, მაიკლ მერფის განცხადებით, დიდი აფეთქების ასეთი ნაშთები დაგვეხმარება უკეთ გავარკვიოთ, როგორ წარმოქმნა ადრეულ სამყაროში გაზის გარკვეულმა ნაწილმა ვარსკვლავები და გალაქტიკები, ნაწილმა კი არა.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.