ასტროფიზიკოსებმა სამყაროს უდიდესი 3D რუკა შექმნეს — #1TVმეცნიერება
ასტროფიზიკოსებმა სამყაროს უდიდესი 3D რუკა შექმნეს — #1TVმეცნიერება

ასტროფიზიკოსები სამყაროს უდიდეს 3D რუკას აქვეყნებენ, რაც ოთხ მილიონზე მეტი გალაქტიკისა და ულტრაკაშკაშა კვაზარების ანალიზის შედეგად შექმნეს.

„მსოფლიოს 30 სხვადასხვა ინსტიტუციის ასობით მეცნიერის ძალისხმევამ სამყაროს გაფართოების სრული სურათი გადმოგვცა“, — ამბობს პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი.

პროექტი ოცი წლის წინ დაიწყო და მის ფარგლებში, მკვლევრებმა ჩაატარეს გაფართოების ისტორიის ყველაზე დეტალური ანალიზი კოსმოსური დროის ყველაზე ვრცელ დიაპაზონში.

რუკა ეფუძნება პროექტ Sloan Digital Sky Survey-ის (SDSS) უახლეს დაკვირვებათა პროგრამა eBOSS-სა და ნიუ-მექსიკოში მდებარე ოპტიკური ტელესკოპის მიერ ექვსი წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს.

დიდი აფეთქებისას დაბადებული „ჩვილი“ სამყარო შედარებით უკეთესად არის შესწავლილი ფართო თეორიული მოდელების წყალობით და დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილ ელქტრომაგნიტურ რადიაციაზე — კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაკვირვებათა შედეგად.

მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარე სამყაროს გაფართოების უკეთ შესწავლაში წვლილი შეიტანა გალაქტიკათა შესწავლამ და სხვა შორეულ ობიექტთა ანალიზებმა.

თუმცა, კვლევის ერთ-ერთი ავტორის, იუტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს კაილი დუსონის განცხადებით, მეცნიერებს ტანჯავდა 11 მილიარდი წლის შუაგულში არსებული ე. წ. პრობლემური ნაპრალი.

 

„ხუთწლიანი მუდმივი დაკვირვებების შედეგად, ჩვენ ამ ნაპრალის ამოსავსებად ვმუშაობდით და შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი კოსმოლოგიური მიღწევებისათვის“, — ამბობს იგი.

შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ჟან-პოლ კნეიბი, რომლის ინიციატივითაც 2012 წელს პროგრამა eBOSS-ი დაიწყო, ამბობს, რომ მათი მიზანი სამყაროს არსებობის ყველაზე დეტალური 3D რუკის შექმნა იყო.

რუკა ასახავს მატერიის ფილამენტებსა და ვოიდებს (სიცარიელეებს), რომლებიც ყველაზე უკეთ განსაზღვრავენ სამყაროს სტრუქტურას იმ მომენტიდან, როდესაც ის სულ რაღაც 380 000 წლის იყო.

რუკის იმ ნაწილისათვის, რომელიც ექვსი მილიარდი წლის წინანდელ სამყაროს ასახავს, მკვლევრები დააკვირდნენ უძველეს და ყველაზე წითელ გალაქტიკებს.

უფრო შორეული ეპოქებისთვის კი ისინი კონცენტრირებული იყვნენ ყველაზე ახალგაზრდა, ცისფერ გალაქტიკებზე. უფრო შორს გასახედად კი მათ გამოიყენეს კვაზარები — გალაქტიკები, რომელთა ცენტრალური რეგიონი უკიდურესად კაშკაშაა.

როგორც რუკა გვეუბნება, სამყაროს გაფართოება რაღაც მომენტში დაიწყო და მას შემდეგ განუწყვეტლივ გრძელდება.

მკვლევართა განცხადებით, ამის მიზეზი ბნელი ენერგიის არსებობა უნდა იყოს, უხილავი ელემენტის, რომელიც კარგად ჯდება აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიაში, მაგრამ მისი წარმოშობის ამბავი დღემდე იდუმალებითაა მოცული.

უკვე წლებია, ასტროფიზიკოსებმა იციან, რომ სამყარო ფართოვდება, მაგრამ ამ დრომდე ცდილობენ გაფართოების ზუსტი მაჩვენებლის დადგენას. სხვადასხვა კვლევა ერთმანეთისგან მცირედით განსხვავებულ შედეგებს იძლევა. ერთ-ერთი უახლეს კვლევაში, ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის ჯგუფის ანალიზები მიუთითებს, რომ ჰაბლის მუდმივა წამში 67,6 კილომეტრია მეგაპარსეკზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწიდან 1 მეგაპარსეკის (დაახლოებით 3,26 მლნ სინათლის წელი) მანძილზე მდებარე ობიექტი სამყაროს გაფართოების გამო წამში 67,6 კილომეტრით გვშორდება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი