სამყაროს შეიძლება დახურული სფეროს ფორმა აქვს — საკამათო კვლევა
სამყაროს შეიძლება დახურული სფეროს ფორმა აქვს — საკამათო კვლევა

როცა რაღაცის შიგნით იმყოფებით, მისი ფორმის დანახვა რთულია. მაგალითად, სულ ახალ-ახალ რამეებს ვიგებთ ჩვენი გალაქტიკის ფორმის შესახებ.

რაც შეეხება სამყაროს ფორმას? ამის გაგება ბევრად რთული საქმეა, მაგრამ წლობით მიმდინარე დაკვირვებათა მონაცემები, კოსმოლოგიური მოდელები და ფიზიკოსები გვთავაზობენ, რომ ის ბრტყელია. თუ ფოტონების ნაკადს სიცარიელეში გავუშვებთ, ის სწორ ხაზზე წავა.

თუმცა, ახალი კვლევა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ პლანკის შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში სამყარო გამრუდებული და შეკრულია, გაბერილი სფეროს მსგავსი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფოტონების ნაკადი საბოლოოდ ისევ იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც გაეშვა, გადაკვეთს სხვა ნაკადებს, რომლებიც ბრტყელი სამყაროს სცენარის მიხედვით პარალელური დარჩებოდა.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფს მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტრონომი ელეონორა დი ვალენტინო ხელმძღვანელობდა. აღმოჩენას ისინი „კოსმოლოგიურ კრიზისს“ უწოდებენ, რაც დრამატულად ეწინააღმდეგება ამჟამად მიღებულ კოსმოლოგიურ მოდელს.

მათი თქმით, სამყაროს გამრუდებულობის გასაღები ის არის, რომ გრავიტაცია სინათლის გზას ამრუდებს; აინშტაინის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ამ ეფექტს გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ.

არა მხოლოდ ყოველგვარი სინათლე, არამედ მრუდდება კოსმოსური მიკროტალღური ფონიც. ეს გახლავთ ელექტრომაგნიტური რადიაცია, რომელიც კოსმოსში, ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს შორის მოძრაობს და გაჩნდა დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის შემდეგ, როცა სამყაროში პირველი ნეიტრალური ატომები წარმოიქმნა.

თუ სინათლის ყველა სხვა წყაროს დავბლოკავთ, დავინახავთ ძალიან მკრთალ, ფონურ კოსმოსურ ნათებას. ეს გახლავთ სამყაროს უძველესი სინათლე.

პლანკის თანამგზავრის 2018 წლის მონაცემებში ჩანს, რომ კოსმოსური მიკროტალღური ფონი იმაზე მეტადაა გრავიტაციულად ლინზირებული, ვიდრე უნდა იყოს. პლანკის თანამშრომლობამ ამ ანომალიას A ლინზა უწოდა და ის ჯერ კიდევ გადაუჭრელია, მაგრამ მკვლევართა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს სამყაროს ფორმა.

როგორც კვლევაში წერია, ამ ეფექტის ფიზიკური ახსნა შეიძლება იყოს დახურული სამყარო; პლანკის კოსმოსური მიკროტალღური ფონის სპექტრი პოზიტიურ გამრუდებაზე მიუთითებს სიზუსტის 99-პროცენტიანი დონით.

მკვლევართა განცხადებით, დახურული სამყაროს მტკიცებულებათა დეტალურად შესწავლამ აჩვენა, რომ დადებითი გამრუდება ბუნებრივად ხსნის ანომალიური ლინზირების ამპლიტუდას.

გამრუდებულმა სამყარომ შეიძლება ეს ანომალია ახსნას, მაგრამ არის რამდენიმე დიდი პრობლემა. საქმე ის არის, რომ პლანკის მონაცემების ყველა სხვა ანალიზებმა (მათ შორის 2018 წლის მონაცემებმა) დაადასტურა, რომ ჩვენი კოსმოლოგიური მოდელები სწორია. მათ შორის არის ბრტყელი სამყაროც.

არსებობს სხვა პრობლემებიც, რაც ჯგუფმა საკმაოდ ფრთხილად მოიხსენია თავის კვლევაში. ერთ-ერთი მათგანია ჰაბლის მუდმივა — მაჩვენებელი, რომლითაც სამყარო ფართოვდება. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა ჰაბლის მუდმივას არც ერთი გაზომვა, გამრუდებული სამყარო კი მის პროგნოზირებას უფრო რთულს ხდის.

დახურული სამყაროს მოდელთან ასევე შეუთავსებელია ბნელი ენერგიის კვლევის პროგრამის (Dark Energy Survey) მონაცემები. ბნელი ენერგია არის უცნობი ენერგია, რომელიც სამყაროს გაფართოებას აჩქარებს.

კიდევ ერთი ახალი კვლევის მიხედვით კი, პლანკის A ლინზის შეუსაბამობა მონაცემებში არსებული გარკვეული წყვეტის ბრალია.

პლანკის თანამგზავრის 2018 წლის მონაცემები ასევე შეისწავლეს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა — ჯორჯ ეფსტატიუმ და სტივენ გრატონმა. გამრუდების მტკიცებულება მათაც იპოვეს… მაგრამ როცა ისინი პლანკის სხვა მონაცემებსა და ბნელი ენერგიის პროგრამის მონაცემებს შეადარეს, მიაგნეს „სივრცულად ბრტყელი სამყაროს მხარდამჭერ ძლიერ მტკიცებულებას“.

მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემთა უმეტესობა მხარს უჭერს ბრტყელ სამყაროს და არა დახურულს, რომელზეც A ლინზის ანომალია მიუთითებს. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, მონაცემებში რაღაც რიგზე ვერ არის, თუ მართლა დიდ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე.

ამის გასარკვევად კი დამატებითი მონაცემებია საჭირო.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.