ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ
ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.
პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ ექსპერტები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „საქნახშირის“ ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკებები იყო და იმედი აქვთ, რომ უკრაინელ სპეციალისტებს დოკუმენტაციიის შესწავლისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების საშუალება მიეცემათ.
როგორც უკრაინელმა ექსპერტმა კაროლ ვესლავანიჩმა განაცხადა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, დაზარალებულებსა და თვითმხილველებს გაესაუბრებიან.
„ჩვენ საქართველოს პროფკავშირების მოწვევით ჩამოვედით, შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად. თუ კომპანიის წარმომადგენლები ნებას დაგვრთავენ, შევეცდებით, პირველ რიგში, ტექნიკური დოკუმენტაცია შევისწავლოთ. მოვხვდეთ უბედური შემთხვევის ადგილას. ეს აუცილებელია, რომ გავიგოთ, რა მოხდა. გავესაუბრებით დაზარალებულებს და თვითმხილველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ადგილზე. შევისწავლით ყველანაირ დოკუმენტს, რაც შესაძლებელია, ასევე სამედიცინო დაწესებულებების დასკვნებსა და ექსპერტიზის შედეგებს. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვნახოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, რა მოხდა და რა შეიძლება მომავალში მოხდეს. უკრაინის კანონებით, ამ ყველაფრისთვის 10 დღე გამოიყოფა, თუმცა ჩვენ აქ ორი დღე გვაქვს“, – განაცხადა კაროლ ვესლავანიჩმა.
ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.