საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ
საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ

საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

10-11 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტთა ორი ჯგუფი გაემგზავრა. როგორც მედია წერს, პირველ ჯგუფში შედიან გამომძიებლები, ხოლო მეორეში – ტექნიკური ექსპერტები. მედიის ცნობით, გამომძიებელთა ჯგუფი კონცენტრირდება დანაშაულებზე, რომლებმაც რუსული აგრესიის შედეგად დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა უკრაინას.

გარდა ამისა, საფრანგეთი, სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურატურის ხელმძღვანელობით, განათავსებს ტექნიკურ ექსპერტებს. როგორც მედია წერს, მათი მოვალეობაა, 3D ციფრული მოდელების გამოყენებით შეაგროვონ მტკიცებულებები სამოქალაქო ობიექტების დაზიანების შესახებ.

საფრანგეთმა უკრაინაში ჯგუფების გაგზავნა უკრაინული მხარის მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.

უკრაინაში უკვე იმყოფებოდა ფრანგ სპეციალისტთა ხუთი ჯგუფი, აქედან ორი ჯგუფი – ხანგრძლივი დროით.