თვითმხილველი „ლეოგრანდში“ ხანძრის დეტალებს იხსენებს
თვითმხილველი „ლეოგრანდში“ ხანძრის დეტალებს იხსენებს

სასტუმროში ხანძრის დროს ჩაქრა შუქი და ისეთი დაკვამლიანება დავინახეთ, ტერასადან შენობაში ვეღარ შევაღწიეთ, რომ საევაკუაციო კიბით გარეთ გამოვსულიყავით, – ამის შესახებ თვითმხილველმა კახა მიქიაშვილმა განაცხადა. მან შემთხვევის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშველებს მოქალაქეების ნაწილი ტერასაზე ელოდებოდა, ხოლო ნაწილი ოთახის ფანჯრებიდან ითხოვდა შველას.

„უცბად ჩაქრა შუქი, დავინახეთ კვამლი და თანამშრომლებმა დაიყვირეს, რომ ხანძარია. ძალიან მობილიზებულად, წყნარად გამოვედით იქვე ტერასაზე. ეს მასშტაბი ვერ წარმოვიდგინეთ. 5-10 წუთის ინტერვალში, სანამ გამოვედით ტერასაზე, ჩაქრა შუქი და დავინახეთ დაკვამლიანება იმ დონის, რომ შენობაში ვეღარ შევაღწიეთ, რომ გამოვსულიყავით საევაკუაციო კიბეებით.

ამ დროს გაიღო ფანჯრები, ვინც მოახერხა და ითხოვდნენ შველას ადამიანები. ვერაფერს ვერ ვშვრებოდით. ვხედავდით, რომ მოვიდა სახანძრო, მაგრამ კვამლის გამო მეხანძრეები თითქმის ორი საათის განმავლობაში ვერ ამოდიოდნენ“, – განაცხადა კახა მიქიაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოოდ, მეხანძრეებმა ამწეს საშუალებით მიაღწიეს ტერასამდე და მოქალაქეები ჩამოიყვანეს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.