თუშეთში ნასოფლარ ინდურთას და ასევე ცხრა ციხე-სოფელს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
თუშეთში ნასოფლარ ინდურთას და ასევე ცხრა ციხე-სოფელს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ინდურთას და ასევე ცხრა ციხე-სოფელსა და ნასოფლარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ნასოფლარი ინდურთა მდებარეობს თუშეთის ალაზნის ხეობაში, სოფ. ომალოდან დაახლ. 20 კმ-ზე. ნასოფლარი განლაგებულია მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთი განშტოების ბოლოში, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა ნაპირას. ნასოფლარში ნანგრევებად ქცეული, სამ ათეულზე მეტი ნაგებობაა, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი თითქმის მთლიანადაა დანგრეული (კედლები დაახლ. 1-1,3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი). ნასოფლარის მახლობლად, მდ. წოვათისწყლის მარცხ. შენაკადის ხეობაში სამაროვანია. ნასოფლარის თავზე, ერთმანეთთან ახლოს, დგას სამი ციხე-სახლი. სამივე ფიქლის მშრალი წყობითაა ნაშენი. მათგან ორი შედარებით ნაკლები დანაკარგებითაა მოღწეული (ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთის აღწერილობა), ხოლო მესამე ორსართულნახევრის სიმაღლეზე დგას.

1 ციხე-სახლი ხუთსართულიანია, ზემოთ შევიწროვებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია V სართულის კედლების დიდი ნაწილი.

მე-2 ციხე-სახლი დგას ნასოფლარის აღმ. განაპირას. განეკუთვნება XVII_XVIII სს. სამსართულიანია (12,5ხ7,2 მ; შემორჩენილი სიმ. 7 მ), II სართულზე კედლები შიგნით მიწაშერეული ნაკელითაა შელესილი. დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია III სართულის ჩრდ. კედლის დიდი ნაწილი.
შენობა კაპიტ. კედლით ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. დას. სათავსი აღმოსავლეთისაზე თითქმის ორჯერ დიდია.

სამაროვანი, მდებარეობს მდ, კლდოვანი ბორცვის ჩრდ.-აღმ. და დას. ფერდობებზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

სამაროვანზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თუშეთის არქეოლოგთა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. დოლაბერიძე). სამაროვანზე ზოგიერთ საფლავს, თავსა და ბოლოში თითო ფიქალი ჰქონდა ჩადგმული, ზოგიერთს კი ფიქლის მშრალი წყობით ნაგები კედელი ჰქონდა ჩაშენებული. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს რგოლი და შალის ქსოვილის ფრაგმენტი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.