ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, პირუტყვი სავარაუდოდ მოწამლულია.

სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე ექვსი სული პირუტყვი ერთ დღეს დაიხოცა. დანარჩენი პირუტყვის გადარჩენას ვეტერინარები ცდილობენ.

რამ გამოიწვია პირუტყვის სიკვდილიანობა, მოსახლეობისთვის უცნობია. კოღოთოში ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარე ალაზნის წყალი იყოს.

სოფელ კოღოთოს მოსახლეობა მესაქონლეობით ირჩენს თავს. ისინი ამბობენ, რომ ზარალი დიდია და დახმარებას ითხოვენ.

ადგილზე პოლიცია, ახმეტის მერიის წარმომადგენლები და სურსათის უვნებლობის სამსახური ჩავიდა. საქონლის დახოცვის მიზეზის დასადგენად ნიმუშის აღება მოხდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.