ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა
ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პარლამენტის წევრები და კახეთის გუბერნატორი ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რაც ძირითადად სასმელ და სარწყავ წყლებს, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ქვემო ალვანშიც ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივებმა მდინარე ალაზნის დაშრობით გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს. მათი თქმით, სოფელს არ მიეწოდება სასმელი და სარწყავი წყალი. ადგილობრივებმა მდინარეში წყლის ნაკლებობით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებზეც ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მდინარის კალაპოტის ნაწილში წყლის დაშრობა გვალვამ გამოიწვია. დავითაშვილს პრობლემების მოგვარების გზად მდინარე ილტოს ხეობაში ახალი წყალსაცავის აგება მიაჩნია.

„მოსახლეობას მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ ხდება წყლის განაწილება. შევთავაზეთ, რომ ჩვენი სხვადასხვა სამსახურის თანდასწრებით მათ მოიარონ კონკრეტული კრიტიკული წერტილები, რადგან მოსახლეობა დარწმუნდეს, როგორ ხდება წყლის განაწილება. მე გავაკეთე კოორდინაცია, გარემოს დაცვის დეპარტამენტი ჩაერთო, რომ წყლის გაკონტროლება მოხდეს. ასევე, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ილტოში წყალსაცავის აშენების გრძელვადიან პერსპექტივაზე, რადგან წყლის დეფიციტის პრობლემა მოიხსნას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

დღესვე სოფლის მეურნეობის მინისტრი თელავში ღვინის მწარმოებლებთან გეგმავს შეხვედრას.

 

დატოვე კომენტარი