თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენის დამატებითი რეისი დაინიშნა
თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენის დამატებითი რეისი დაინიშნა

დღეიდან თუშეთში დამატებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ვერტმფრენი თუშეთისკენ მიმავალ მეცხვარეებს ბარგის გადატანაში უფასოდ დაეხმარება.

საავტომობილო გზის დაკეტვის დროს, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას შს სამინისტროს ვერტმფრენი კვირაში ერთხელ უფასოდ ემსახურება. მას შემდეგ რაც სტიქიის შედეგად მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით გზა დააზიანა, ტურისტული სეზონის გარდა პრობლემები მეცხვარეებსაც შეექმნა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, მეცხვარეების თხოვნა გაითვალისწინეს და ვერტმფრენი, რომელიც კვირაში ერთ რეისს ახორციელებდა ახლა ორჯერ იფრენს.

„დამეწყრილ და სტიქიით დაზიანებულ გზის მონაკვეთებში ცხვრის ფარა და საქონელი ბილიკებით გადადის, მაგრამ მეცხვარეებს თავისი ბარგი სხვა დროს სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ, ახლა უგზოობის გამო პრობლემა შეექმნათ და მათ დასახმარებლად დაემატა კიდევ ერთი რეისი”, – განუცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

ახმეტის მერის ინფორმაციით, თუშეთისკენ დამატებითი რეისი დღეს შესრულდება და ვერტმფრენი სამ ლოკაციზე წოვათაში, ალაზნის თავსა და ვაკისძირში 13 მეცხვარეს და 2 მესაქონლეს გადაიყვანს.