ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას „გეომეპს“ აკისრებს
ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას „გეომეპს“ აკისრებს

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამ თანამდებობას ვარკეთილის რეაბილიტირებული მეტროს ექსპლუატაციაში შესვლის დროს იკავებდა, ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას შპს “გეომეპ”-ს აკისრებს.

როგორც ნუგზარ ჭეიშვილმა პირველ არხს განუმარტა, ეს არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მეტროს რეაბილიტაციაზე პროექტი მოამზადა.

ნუგზარ ჭეიშვილი, რომელიც ამჟამად სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილეა, განმარტავს, რომ “გეომეპმა” მოამზადა დასკვნა, სადაც წერია, რომ ვარკეთილის მეტროს ჭერის საკიდები, ანუ ძველი კონსტრუქცია, რაზეც ჩამონგრევამდე ახალი ჭერი დამაგრდა, ვარგისია.

შესაბამისად, ნუგზარ ჭეიშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ჭერის ჩამონგრევაზე, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ჭეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გეომეპ-ს უნდა ჩაეტარებინა ხარისხის ექსპერტიზაც.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას „გეომეპის“ პროექტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია “ყვარელრემმშენის” გაკეთებუკლი შეკიდული ჭერის ჩამონგრევაზე, ნუგზარ ჭეიშვილმა განაცხადა, რომ „გამოძიებას დაველოდოთ“. 

ამასთან, მისი თქმით,  დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.