მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს  
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს  

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს.

ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული.

„დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მკურნალობის ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია აანაზღაურებს. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი თავდაპირველად, მეტროსადგურვარკეთილშიიმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.   

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.