„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და კახა კალაძის მიწვევას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და კახა კალაძის მიწვევას ითხოვს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს.

ოპოზიციური პარტია რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიწვევას ითხოვს.

ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მხოლოდ ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს, რადგან, მისი თქმით, დედაქალაქი და ქვეყანა გუშინ დიდ ტრაგედიას გადაურჩა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის და მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

გუშინ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.