შს მინისტრი ვარაუდობს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის ვერსიებზე საუბარი ორ-სამ დღეში იქნება შესაძლებელი
შს მინისტრი ვარაუდობს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის ვერსიებზე საუბარი ორ-სამ დღეში იქნება შესაძლებელი

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგად ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც მსგავს შედეგში დადასტურებული იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ფაქტობრივად მაშინვე, რამდენიმე საათში დაიწყო. ახლაც გამოძიება ძალზე აქტიურ ფაზაშია. დანიშნულია ექსპერტიზები, პროცესი მიმდინარეობს, დაკითხული არიან კომპანიის წარმომადგენლები და რეალურად ერთ დღეში გარკვეულ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია. ამას ორი-სამი დღე დასჭირდება. გამოძიების შედეგად ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც მსგავს შედეგში დადასტურებული იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.