თორნიკე შარაშენიძე - ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს, მისი დაბრუნების მიზეზი ალბათ, „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისში უნდა ვეძებოთ
ივანიშვილი რომ იტყვიან, პოლიტიკური ცხოველი აშკარად არ არის, რომ პოლიტიკით ცოცხლობდეს, მას დასვენება უფრო სჭირდებოდა და აშკარად, ოჯახთან ერთად ყოფნა უფრო უნდოდა, რადგან ამით უფრო ტკბებოდა, ვიდრე პოლიტიკით, – განაცხადა პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, პოლიტიკა მას ნაკლებად აინტერესებს და მისი დაბრუნების მიზეზი ალბათ, მაინც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისში უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა შარაშენიძემ.
მისი თქმით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად აღარ ერეოდა, მით უმეტეს – ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ამ მოდელს უარყოფითი ეფექტი სხვა მხრივ ჰქონდა.
„მთავრობის ზოგიერთი წევრი ვერ ბედავდა ხოლმე რაღაც ნაბიჯების გადადგმას იმის შიშით, ვაითუ, ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონოსო. ივანიშვილის მხრიდან, მაინცდამაინც აქტიური ჩარევა არ ყოფილა და ჩემი აზრით, ეს მათი პრობლემა უფრო იყო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, ის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარს, მათ შორის, არც „ფრიდომ ჰაუსის“ მოხსენებას არ შეუწუხებია და პოლიტიკაში ამის გამო არ დაბრუნებულა“, – განაცხადა შარაშენიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ საზოგადოებამ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც არ გაათავისუფლა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან ქვეყანას მის მიერ მოყვანილი გუნდი მართავს და ამ გუნდის წარმატებაც მას მიეწერება და წარუმატებლობაც.