თორნიკე შარაშენიძე - შტერები ხომ არ არიან რუსები, რომ თუ მათი კლიენტია „ქართული ოცნება“, ასე დააზარალონ ღია განცხადებებით
თორნიკე შარაშენიძე - შტერები ხომ არ არიან რუსები, რომ თუ მათი კლიენტია „ქართული ოცნება“, ასე დააზარალონ ღია განცხადებებით

სერგეი ნარიშკინის განცხადებამ თუ ვინმე დააზარალა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, დააზარალა „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

სერგეი ნარიშკინის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებს მსგავს განცხადებას. გავიხსენოთ, მან ასევე გააკეთა განცხადება ყარაბაღის ომის დროს. ეს იყო გამაფრთხილებელი განცხადება თურქეთისა და აზერბაიჯანის მისამართით. როგორც ჩანს, ეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა მოსკოვში. ამ კონკრეტული განცხადების ადრესატი, ბუნებრივია, პირველ რიგში მაინც იყო ამერიკა. ეს განცხადება უნდა განვიხილოთ ორმხრივი, რუსულ-ამერიკული ურთიერთობის შემადგენელი. რუსეთის მხრიდან ამერიკის მისამართით ერთგვარი გაფრთხილებაა – მაინცა და მაინც ნუ ერევი ჩემს სამეზობლოშიო. ამას, იმედია, მოჰყვება პასუხი, ღიად თუ არა, ფარულად მაინც, რადგან დაზვერვა, წესით, ფარულად უნდა მუშაობდეს. ახლა რუსებს აწყობთ, რომ საქართველო სუსტია და შიგნიდან ვერ დალაგებულა. ასეთ დროს უფრო იოლია წასვლა გამწვავებაზე, იგივე ამერიკასთან, იგივე საქართველოს გამო. შედეგს შევხედოთ ამ განცხადების. თუ ვინმე დააზარალა ამან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, დააზარალა „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე ყველაფერი ნათქვამია. ასე შტერები ხომ არ არიან რუსები, რომ თუ მათი კლიენტია „ქართული ოცნება“, ასე დააზარალონ ღია განცხადებებით“, – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.