მამუკა არეშიძე - ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ბრუნდება, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკს სავარძელზე ხელი გააშვებინოს, კი არ მოხსნას, საქმეში ჩააყენოს
მამუკა არეშიძე - ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ბრუნდება, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკს სავარძელზე ხელი გააშვებინოს, კი არ მოხსნას, საქმეში ჩააყენოს

ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ბრუნდება, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკს სავარძელზე ხელი გააშვებინოს, კი არ მოხსნას, საქმეში ჩააყენოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამასწინათ, უმრავლესობის ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელსაც მახვილი ენა აქვს, მითხრა, ოთახში რომ შეხვალ, ზოგიერთი ჩინოვნიკი სკამიდან არ დგება, რადგან სავარძელს ხელს ვერ უშვებს, ეშინია, თუ ხელს გაუშვებს, ეგრევე გამოაცლიანო. ბევრს პასუხისმგებლობის აღება ხომ არა და არ უნდა, გარისკვისაც ეშინია და ელემენტარულად, აქტივობისაც. ეს საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს, განსაკუთრებით – რეგიონებში“, – განაცხადა არეშიძემ.

ამ განცხადებით მამუკა არეშიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებმა ვერ შეძლეს და, რის გაკეთებასაც ივანიშვილი აპირებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პროგნოზირებადიც იყო და აუცილებელიც.

პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მოგონილი და შექმნილია, პარტიის სახელწოდებაც კი მის ოჯახში გაჩნდა და მისთვის სიტუაციის კონტროლი პარტიის ტრიბუნიდან ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე სხვა თანამდებობიდან.

როგორც არეშიძემ განაცხადა, პარტია ეკლექტური უნდა იყოს და პარტიული დემოკრატია უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს.

„გული მწყდება, რომ პარტიაში, მათ შორის უმრავლესობაში დღეს არიან ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთი უმრავლესობაში მოხვედრის დღეს გაიცნეს. ხანდახან მგონია, რომ პარტიის ნაწილი რაღაც ჯგუფების მიერაა შეკოწიწებული იმისთვის, რომ ყველას თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. არის ერთი ჯგუფი, რომელიც მუშაობს და და არის მეორე ჯგუფი, რომელიც საერთოდ არ ჩანს და თავისი ინტერესების რეალიზაციითაა დაკავებული. ეს ხალხი ცალკეა, თვითონ პარტია, მისი მმართველი რგოლი და მუშა ადამიანები კი ცალკე, რაც არ მომწონს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.