გია ვოლსკი - თუ ივანიშვილის ამოცანა ისაა, კიდევ ორი პარტია გაჩნდეს, რომელიც შესაძლოა, კოალიციაში შემოვიდეს, ამაში მზაკვრულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ
გია ვოლსკი - თუ ივანიშვილის ამოცანა ისაა, კიდევ ორი პარტია გაჩნდეს, რომელიც შესაძლოა, კოალიციაში შემოვიდეს, ამაში მზაკვრულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ

თუ ივანიშვილის ამოცანა ისაა, კიდევ ორი პარტია გაჩნდეს, რომელიც შესაძლოა, კოალიციაში შემოვიდეს, ამაში მზაკვრულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„წინასწარ არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა რა არის, მაგრამ რასაც ის ფიქრობს, აუცილებელი არ არის, ძალიან მკაცრ პოლიტიკურ სტანდარტებში იყოს მოქცეული. მის დასახასიათებლად ერთ ამბავს გავიხსენებ – 2013 წელს, როცა წელს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში წყლის მიწოდების პროექტი განვახორციელეთ, ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, ახლა რომ მიშა ყოფილიყო, მთელი დღე ამ წყაროსთან იდგებოდა, რომელიც ორასი მეტრიდან ამოვიდა და ან ხელებს დაიბანდა, ან ხალხს შეკრებდა და დაუსრულებლად ილაპარაკებდა მეთქი. ჰოდა, იქნებ, ამას გარკვეული პიარი გავუკეთოთ, სხვებმაც რომ დაინახონ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, არ შეიძლება, ადამიანს წყალი სწყუროდეს, მიაწოდო, მერე კი კამერების წინ დააყენო და მადლობები ათქმევინოო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სტრუქტურულად გაძლიერებაა თუ ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, სადაც შესაძლოა, კიდევ ორი პარტია გაჩნდეს, რომელიც 2024 წელს პარლამენტში უნდა მოხვდეს და ქვეყანა კოალიციურად მართოს.

გია ვოლსკის თქმით, ვინც 2024 წლისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩებიან, ეს უკვე ის პოლიტიკოსები უნდა იყვნენ, რომლებიც სტაბილურობაზე გაცილებით მეტს იფიქრებენ.