გია ვოლსკი - საზოგადოება ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მენეჯერს, როცა საქმე პოლიტიკურ გუნდთან აქვს
გია ვოლსკი - საზოგადოება ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მენეჯერს, როცა საქმე პოლიტიკურ გუნდთან აქვს

საზოგადოება ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მენეჯერს, როცა საქმე პოლიტიკურ გუნდთან აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„2011 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური საბჭო სხვადასხვა ტიპის ადამიანებისგან შედგებოდა. კამათი ძალიან იყო წახალისებული და ბიძინა ივანიშვილის შეხედულებაზე თავდახრილი თანხმობა საჭირო არ იყო. მას ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასოდეს, მთავრობაში ყოფნის დროსაც კი არ მიუღია. ის გადაწყვეტილებებს კონსულტაციებისა და ანალიზის საფუძველზე იღებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული კონცეფცია კოალიციური მთავრობა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ 2020 წელს ქვეყანას კოალიციური მთავრობის შედგენის წინაპირობა უნდა ჰქონდეს და არ უნდა არსებობდეს დაპირისპირების ეს ხარისხი, რომელიც კულტურის, კორექტულობისა და პოლიტიკური ურთიერთობის ყოველგვარ ფარგლებს სცილდება.

„ჯერ ამის მოცემულობა არ ჩანს. შეიძლება, ქვეყანა ისეთ კრიზისში ჩავაგდოთ, როდესაც მთავრობას ვერ შევქმნით. პარტიულ ველზე ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც არათუ მთავრობის ჩამოყალიბება, ერთმანეთზე მისალმებაც კი უჭირთ. უცებ წარმოვიდგინე, რომ ოპონენტი ისეთ პორტფელს ითხოვს, რომელსაც არ თანხმდები. ამას იმიტომ კი არ ითხოვს, რომ პორტფელი უფრო აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ კრიზისი შეიქმნას. შესაძლოა, ჩემი ეჭვები პარანოიულია, მაგრამ ამ ეჭვების დასაბუთება მაგალითებით შემიძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი აბსანძე დაინტერესდა, თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კონცეფცია კოალიციური მთავრობაა, სავარაუდოა თუ არა, რომ საფრთხე სწორედ ამ კონცეფციის განხორციელებას შეექმნა და ეს არის ის „უბედურება“, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაეთანხმოს მოსაზრებას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი შექმნილი კრიზისის გამო დაბრუნდა, რადგან როგორც ადრე თავად თქვა, პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ კრიზისი შეიქმნებოდა. მაგრამ, ვოლსკის თქმით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა კრიზისი ამ სიტუაციას მოარგო, რაც რეალობასთან ახლოა, რადგან როგორც აღმოჩნდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე 115 პოლიტიკოსის ენერგია ორგანიზებული ვერ არის და თუ კრიზისი ახლა არ არის, შესაძლოა, სამომავლოდ შეიქმნას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს პოლიტიკოსთა მეორე თაობა მოვა, რომელიც კოალიციურ ხელისუფლებას შექმნის.

„დღეს ვუყურებთ თოქშოუებს, სადაც პოლიტიკოსები გამოდიან და ოღონდ კი რამე ცუდი თქვან, რითაც თავის ელექტორატს, თუ პოტენციურ ელექტორატს გულს მოფხანენ და არაფერზე არ ფიქრობენ. მათ არც სტრატეგიული ხედვა აქვთ და არც კონცეფცია. პოლიტიკოსთა მეორე თაობა წინააღმდეგობებისა და დაპირისპირების მიუხედავად შეძლებს, რესურსი გამოძებნოს და კოალიციური, სტაბილური ხელისუფლება შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს რთული კრიზისები ელოდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.