ლაშა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობა არასდროს მოუხსნია და მას ამ პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდებოდა
ლაშა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობა არასდროს მოუხსნია და მას ამ პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდებოდა

ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობა არასდროს მოუხსნია და მას ამ პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდებოდა, – განაცხადა მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ საზოგადოებამ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც არ გაათავისუფლა.

მისი თქმით, ისტორიაში, უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი დანაპირების შესრულებისთვის უფლებამოსილების გაძლიერებას ითხოვს, ბიძინა ივანიშვილი კი დანაპირების შესასრულებლად ხელისუფლებიდან გავიდა.

„სამშობლოს, ერის, ისტორიის, საკუთარი სიტყვისა და თავის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობამ განაპირობა ის, რომ მან ყველა ბერკეტი დადო და ხალხს ასე დაპირდა, თუნდაც პოლიტიკური დაპირება შეესრულებინა. დიდწილად, რა თქმა უნდა, ეს შესრულდა. გადავხედოთ, სად ვიყავით და სად ვართ, იქნება ეს დემოკრატია, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, სასამართლო, ევროინტეგრაცია, ხელისუფლების დანაწილება თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თვისობრივი ნაბიჯი ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ფუნდამენტი აქაც იქმნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უპასუხა, რა არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებმა ვერ შეძლეს და, რასაც მისი ხელი სჭირდება, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ქვეყანაში ლეგიტიმაციის კრიზისიცაა იმის გამო, რომ მთავრობა კეფასთან ალტერნატივის სუნთქვას არ გრძნობს და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაზე საზოგადოების კონტროლს გააძლიერებს.

უალტერნატივობის გამო შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოება და ქვეყანა დაიგულა. ეს ოჯახშიც ასე ხდება, როცა მოეშვებიან ხოლმე, წონას იმატებენ და ა.შ. „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი აკლია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.