კახა გოგოლაშვილი - ივანიშვილის გამოსვლას აკლდა პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი და მეტი კონკრეტიკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამაზე პარტიაში პასუხები ჯერ არ აქვთ
კახა გოგოლაშვილი - ივანიშვილის გამოსვლას აკლდა პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი და მეტი კონკრეტიკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამაზე პარტიაში პასუხები ჯერ არ აქვთ

ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურებიან. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გამოსვლაში პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ნაკლებად იყო საუბარი, თუმცა აქვე ამბობენ, რომ დაბრუნების დასახელებული მიზეზები პირდაპირ კავშირშია გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან.

სწორედ ამიტომ, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შიდა საკადრო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება და სავარაუდოდ იმ მიმართულებებით, სადაც არსებულ პრობლემებზე პარტიის თავმჯდომარე ყრილობაზე გამოსვლისას საუბრობდა.

„შიდა დაპირისპირება შედეგია იმისა, რომ მთლიანობაში „ქართული ოცნება” ვერ გრძნობს თავს ძალიან კომფორტულად, რადგან აქვს პრობლემები, გარკვეული მიმართულებებით. არ არის ის პროგრესი, რაც იყო გაცხადებული. როგორც ჩანს, ამან გამოიწვია ის დაპირისპირებები, რაც გამოჩნდა საბოლოო ჯამში. როდესაც საქმე კარგად მიდის, არის სახალხო მხარდაჭერა და მცირე კრიტიკა, გუნდიც უფრო შეკრულია და ინტერესი არ აქვს არავის, რომ ეს ერთობა დაირღვეს. ერთობა ირღვევა მაშინ, როცა ჩნდება პრობლემები. ეს არის პრობლემების თავი, საფუძვლები კი სხვაგან არის, კერძოდ იქ რომ, ეკონომიკური ზრდა კია მაღალი, მაგრამ რეალური შედეგი დასაქმების მხრივ არ ჩანს”,- აღნიშნავს პირველ არხთან საუბარში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.

„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის“ დირექტორი პოზიტიურად აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ გამოსვლაში დასავლური კურსის ერთგულების ხაზგასმასა და იმ შეცდომებზე საუბარს, რაც გუნდმა დაუშვა. თუმცა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ გამოსვლას აკლდა პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი და მეტი კონკრეტიკა, რაც მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ამაზე პარტიაში პასუხები ჯერ არ აქვთ და ამაზე ახლა მუშაობენ.

„რაც აკლდა გამოსვლას ეს იყო ის, რომ არ იყო გადაწყვეტის გზებზე საუბარი, პრაქტიკულად ვერ დავინახეთ, თუ არის რეალურად ამ მდგომარეობიდან გამოსვლის პროგრამა, ხედვა, ინსტრუმენტები თუ არსებობს, რომლის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. ეს აკლდა გამოსვლას და არ ვიცით, როგორ აპირებს მდგომარეობის გამოსწორებას, იგივე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რა იქნება გაკეთებული და დასახული. როგორც ჩანს გადაწყვეტილებები არაა მომზადებული და ახლა აპირებენ ამაზე დაფიქრებას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ფიგურირება სჭირდებათ პარტიაში, რომ იყოს მეტი ერთსულოვნება, მეტი კონსოლიდირება”, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

გოგოლაშვილის განმარტებით, საჭიროა ღია ანალიზი იმისა, თუ რა დარგებში გვაქვს პრობლემები და რა იყო მათი საფუძველი, შესაბამისად საჭიროა იმის განმარტებაც, თუ ვის შეეხება საკადრო ცვლილებები შექმნილი პრობლემების გამო.