„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში ვახტანგ ბუცხრიკიძე დაიკითხა
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში ვახტანგ ბუცხრიკიძე დაიკითხა

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაიკითხა. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკითხვა საქალაქო სასამართლოში გუშინ შედგა, თუმცა პროკურატურაში დაკითხვის დეტალებს არ აკონკრეტებენ.

საქართველო გენერალურმა პროკურატურამ 9 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ  ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

საუბარია 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე. პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის აპრილ-მაისში  „თიბისი ბანკმა“  კომპანიებზე ,,სამგორი ემ”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე მაშინ, როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით.  2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ამ კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი  ბანკმა“  აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია; საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ  გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა; არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა; არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა. 2012 წელს კი,  „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

დატოვე კომენტარი