ტერორიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ
ტერორიზმის დაფინანსებისა და მატერიალური მხარდაჭერისთვის დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, – ამის შესახებ ჩოფანაშვილის ადვოკატმა განაცხადა.
დალი ბარბაქაძემ ბადურ ჩოფანაშვილი ე.წ მოდულის შენობაში მოინახულა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, ჩოფანაშვილისთვის უცნობია მიზეზი, რატომ დააკავეს და არაფერი იცის იმ ფაქტების შესახებ, რაც გამოძიებამ გაასაჯაროვა.
დაკავებულები ამ დრომდე რჩებიან ე.წ მოდულის შენობაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალს ოფიციალურად დღის ბოლომდე წაუყენებენ, რის შემდეგაც სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.