ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბადურ ჩოფანაშვილს სამი წლით, ზურაბ გორნაკაშვილს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბადურ ჩოფანაშვილს სამი წლით, ზურაბ გორნაკაშვილს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ბადურ ჩოფანაშვილს სამი წლით, ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბადურ ჩოფანაშვილს და ზურაბ გორნაკაშვილს პროკურატურა სსკ-ს 331-ე პრიმა მუხლს – ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

ბადურ ჩოფანაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა დანაშაულის აღიარების და სხვა პირების მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ.

მამხილებელი ჩვენება სასმართლოს ზურაბ გორნაკაშვილმაც მისცა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მისი ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.

ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. ბრალის მიხედვით, ზურაბ გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევს და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთაში დაეხმარა, ბადურ ჩოფანაშვილმა კი აჭარიდან თბილისში მგზავრობისას გაუწია დახმარება.

ადვოკატების განცხადებით, საქალაქო სასმართლოს განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ამასთან, განაჩენი უკვე დადგა ექვსი პირის მიმართ, რომელთაც საგამოძიებო უწყება ედავებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და დახმარებას.