ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებიდან - სოფელ მარადიდიდან წამოსვლისას მივხვდი, რომ ახმედ ჩატაევს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა
ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებიდან - სოფელ მარადიდიდან წამოსვლისას მივხვდი, რომ ახმედ ჩატაევს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა

სოფელ მარადიდიდან წამოსვლისას ბათუმამდე გზაში ახმედ ჩატაევმა თქვა, რომ ძალიან დაღლილი იყო წელზე დამაგრებული მძიმე ქამრით. როგორც მივხვდი, ეს ე.წ. შაჰიდის ქამარი იყო, – ამის შესახებ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებაშია ნათქვამი, რომელიც პირველმა არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

გამოძიებისთვის მიცემულ ბოლო ჩვენებაში ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ჩოფანაშვილი ყვება, რომ რუსლან ალდამოვთან ერთად აჭარაში, სოფელ მარადიდში ჩავიდა, თუმცა არ იცოდა, რომ იქიდან სამი პირი უნდა წამოეყვანათ.

„დავინახე სამი მამაკაცი, ერთი მე ვიცანი. ახმედ ჩატაევი იყო. მე მას პირადად არ ვიცნობდი, ვიცოდი ტელევიზიის საშუალებით. მას თავი ჰქონდა გადაპარსული და წვერი მოპარსული. თავზე ეფარა კეპი და ეცვა მუქი ფერის საწვიმარი ქურთუკი. ახმედ ჩატაევს ხელზე და ფეხზე გაკეთებული ჰქონდა პროთეზი და გადაადგილდებოდა ჩვეულებრივად“, – ნათქვამია ჩოფანაშვილის ჩვენებაში.

გამოძიების მასალების მიხედვით, ჩატაევთან ერთად მყოფი დანარჩენი ორი პირი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული აბუ ჰურეირა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული რუსლან შავაძე იყვნენ. შავაძე ამ დრომდე იძებნება.

„სოფლიდან წამოსვლისას ბათუმამდე გზაში ახმედ ჩატაევმა თქვა, რომ ძალიან დაღლილი იყო პისტოლეტის ტარებით და ასევე წელზე დამაგრებული მძიმე ქამრით. როგორც მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი ქამარი, არამედ ე.წ. შაჰიდის ქამარი, რის გამოც ძალიან შემეშინდა“, – აღნიშნულია ჩოფანაშვილის ჩვენებაში.

საქმის პროკურორის განცხადებით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ბადურ ჩოფანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სრულად დაადასტურა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ექვსს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.