მეზობლების ინფორმაციით, სუს-ის მიერ დღეს დაკავებული ზურაბ იდოიძე უახლოეს დღეებში კანადაში წასვლას აპირებდა
მეზობლების ინფორმაციით, სუს-ის მიერ დღეს დაკავებული ზურაბ იდოიძე უახლოეს დღეებში კანადაში წასვლას აპირებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ​ ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით დღეს დაკავებული ზურაბ იდოიძის მეზობლების განცხადებით, ის სრულიად უდანაშაულოა.

„სულ მთლად უდანაშაულოა, ამ ორ დღეში ცოლ-შვილთან, კანადაში აპირებდა წასვლას“, – განუცხადეს პირველ არხს ზურაბ ოდოიძის მეზობლებმა.

ზურაბ იდოიძე ახმეტაში დააკავეს და მოგვიანებით, სოფელში მისი სახლი გაჩხრიკეს. ამ დროისთვის, სამართალდამცველებს დაკითხვაზე მამამისი ყავთ გადაყვანილი.

როგორც მეზობლებმა პირველი არხის კორესპონდენტს განუცხადეს, იდოიძე თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა და ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია.

მათივე ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა სახლიდან ლეპტოპი წაიღეს.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.

„გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სუს-ში.