საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილისა და ზურაბ გორნაკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, სხდომაზე წერილობით მტკიცებულებებს განიხილავენ.

„ბრალდება წარმოადგენს მორიგ მტკიცებულებებს, კერძოდ ვგეგმავთ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას. გვექნება შუამდგომლობა მოწმეთა ჩვენებების გამოქვეყნებაზე და დანარჩენს გადავწყვეტთ სასამართლოს დროისა და გრაფიკის შესაბამისად. საუბარია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატის, ირაკლი ბენიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით დაიკითხოს.

„ზურაბ გორნაკაშვილი მისცემს ჩვენებას იმ გარემოებებზე, რაც მას უკავშირდება და როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში. ბრალს არ აღიარებს, რა პოზიციას დააფიქსირებს, ეს შემდგომ გვეცოდინება“, – განაცხადა ირაკლი ბენიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი სხვა პირებთან ერთად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით გასული წლის 26 დეკემბერს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირები დაკავშირებული იყვნენ 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. ჩოფანაშვილისა და გორნაკაშვილის საქმე პროკურატურამ ცალკე ეპიზოდად გამოყო.