პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი - შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი - შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ელიზბარ მარგოშვილი აცხადებს, რომ თელავში სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც მათ გარკვეული მასალა აჩვენეს.

„თავიდანვე ჩვენი მოთხოვნა იყო გამოძიების ობიექტურობა. სხვა საკითხი არ დაგვიყენებია. გვქონდა ჩვეულებრივი შეხვედრა, ნორმალური დიალოგი. ჩვენ, უხუცესებმა შეშფოთება გამოვთქვით და ახლაც გამოვთქვამთ შეშფოთებას მომხდარის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო ამბავი, როცა შენს ქვეყანაში, შენს ტერიტორიაზე შენს თანამოძმეებს ასეთი დიდი ბრალდება მიუძღვით სამშობლოს წინაშე და ამას ნებისმიერი ადამიანი ამას შეხედავს ამ აზრით.

შეხვედრაზე გვაჩვენეს მასალა, რომელიც სიმართლეს ადასტურებდა. ჩვენს ქვეყანას თავისი კოდექსი, თავისი ძალოვანი სტრუქტურა, თავისი კანონი და წესდება აქვს, რომელსაც ნებისმიერი მოქალაქე უნდა ვემორჩილებოდეთ. ვიდეო და აუდიო მასალით ის დასტურდება, რომ იქ ჩანდა დამნაშავეთა მოქმედება. ჩატაევის ბანდის თბილისის ქუჩებში გადაადგილება, მათი მოქმედება და შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა ელიზბარ მარგოშვილმა.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავე თავის წილ პასუხს აგებს სამშობლოსა და ქვეყნის წინაშე.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება“, – აღნიშნა ელიზბარ მარგოშვილმა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ხეობის უხუცესებთან შეხვედრა შედგა. მისი თქმით, შეხვედრაზე წარადგინეს აუდიო და ვიდეო მასალა, სადაც სუს-ის მიერ დაკავებული ადამიანების ტერორიზმში ბრალდებულებთან კავშირი არის ასახული. მისივე თქმით, მასალებიდან ჩანს პირდაპირი კავშირი დანაშაულებრივ ჯგუფთან.