თენგიზ შერგელაშვილი - ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო პრემიერის განცხადება, რომ ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდა
თენგიზ შერგელაშვილი - ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო პრემიერის განცხადება, რომ ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდა

ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ალავიძე პრემიერისთვის, რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, ამ მთავრობაში საკვანძო პერსონა იყო. როგორც შერგელაშვილმა აღნიშნა, ასეთი მინისტრი იყო ალექსანდრე ჯეჯელავა, ასეთია მიხეილ ჯანელიძე და ნაწილობრივ – დიმიტრი ქუმსიშვილი.

„ცოტა ხნის წინ, გვახსოვს ალავიძის აქტიურობა, პრეზენტაციები და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არაფერი მოასწავებდა იმას, რომ ალავიძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა. გარდა ამისა, მე ზომაზე მეტად ვარ ინფორმირებული, მისი მინისტრად მოსვლა როგორ მოხდა“, – განაცხადა შერგელაშვილმა

მისი თქმით, გასაკვირია გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ ალავიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის სურვილი არასოდეს ჰქონია და თითქოს, თავის დროზე მას პრემიერმა სთხოვა, კერძოდან საჯარო სექტორში გადასულიყო.

„ზურაბ ალავიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ბატონი პრემიერის განცხადება გასაკვირია. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრები ასეთ უზუსტობებს არ უშვებენ“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძის შემცვლელს, მაია ცქიტიშვილს, როგორც როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, საჯარო სივრცეში წარმოდგენილ ქალებს შორის, მაია ცქიტიშვილი ნდობით ერთ–ერთ პირველ ადგილზეა, მაგრამ შედეგები იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხედვას წარმოადგენს, როგორ გუნდს მოიყვანს და როგორ პოლიტიკას გაატარებს.

„სახელმწიფო სამსახურში ძალიან ბევრი კორპორატიული ბიზნესიდან, საბანკო სფეროდან მოდის, სადაც პროექტებია პრიორიტეტი. ჩვენ კი სახელმწიფო გვაქვს შესაქმნელი, რომელსაც სისტემების შექმნა სჭირდება. პრობლემები სწორედ აქ გვაქვს. კარგი გუნდის მოყვანის შემთხვევაში, ქალბატონ ცქიტიშვილს შეუძლია, ცვლილებები განახორციელოს, რათა უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს და კორუფციის რისკები შემცირდეს, მაგრამ შეუძლებელია, მან სისტემის შექმნა კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეძლოს, რადგან ამ მიმართულებით სისტემური ხედვა არ არსებობს“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.