მამუკა მდინარაძე - ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი ვალდებულია, პასუხი გასცეს პროკურატურის კითხვებს
მამუკა მდინარაძე - ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი ვალდებულია, პასუხი გასცეს პროკურატურის კითხვებს

ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი ვალდებულია, პასუხი გასცეს პროკურატურის კითხვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის საკითხზე კომეტირებისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება ამ ადამიანების დაკითხვას, ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც გამოძიებას კითხვები ექნება, ვალდებულია, კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს, იმის მიუხედავად, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი. თუკი არის ეჭვები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას დეტალურად გასცემს პასუხს. ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი ვალდებულია, პასუხი გასცეს პროკურატურის კითხვებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს.  როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.