თეა წულუკიანი - სამართლისა და კანონისგან პოლიტიკური იმუნიტეტი არ არსებობს, კანონის წინაშე ყველანი თანაბარი ვართ
ოპოზიცია ანგარიშსწორებასა და დევნაზე საუბრობს გამომძიებლების მხრიდან იმ კითხვების დასმაზე, რომელსაც თავადაც სვამდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვასა და ამ საკითხზე ოპოზიციის შეფასებებზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განაცხადა, რომ სამართლისგან და კანონისგან პოლიტიკური იმუნიტეტი არ არსებობს.
„თავის დროზე ოპოზიცია ამ კითხვებს სხვადასხვა ფორმით მართლაც სვამდა. როდესაც დღეს იგივე ან მსგავსი კითხვები, რასაც ადრე ოპოზიცია სვამდა, გამომძიებლებმა დასვეს, ახლა ოპოზიცია რაღაც ტიპის ანგარიშსწორებაზე თუ დევნაზე საუბრობს, რაც სულ მცირე, გასაკვირია. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ სამართლისგან და კანონისგან პოლიტიკური იმუნიტეტი არ არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს.
„ჩვენ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, რაც არ უნდა იყოს ჩვენი სახელი და გვარი, რომელ პარტიასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ და, რომელ პოზიციაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ. ამიტომ თუ კითხვებია, ამ კითხვებს გამომძიებელი სვამს და შესაბამისი პირები პასუხობენ. ამჟამად, შესაძლოა, ეს იყოს ესა თუ ის პირი, მომავალში კი – სხვა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, თუ მის მიმართაც გაჩნდება კითხვები, ის აუცილებლად უპასუხებს.
„თუ კითხვები ჩემდამი იქნება, პასუხს მეც გავცემ. უნდა შევეგუოთ, რომ ეს ნორმალური, სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი პროცესია. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამომძიებელმა კითხვები დასვას და გამომძიებელი ამ კითხვების დასმას დაიწყებს, შემდეგ ოპოზიცია აღარ უნდა შფოთდებოდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო, რომელიც ვითარდება და ძლიერდება.
„ეს როგორც მმართველ პარტიას უხარია, ასევე უნდა უხაროდეს ოპოზიციას. ყველას, ვის მიმართაც კითხვები წარსულში დასმულა თუ მომავალში დაისმება, მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ჩემი გასარკვევი, გასარჩევი და გამოსაძიებელი არც ერთი საგამოძიებო საქმე არ არის, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ. ამისთვის კანონი, გამომძიებელი და პროკურატურა არსებობს. შესაბამისად, ამ პროცესს მშვიდად, წყნარად უნდა დავაკვირდეთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში კი, მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.