ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა დასრულდა. აქციის მონაწილეებმა არხის გარშემო განვითარებული მოვლენები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ტელევიზიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ, თავდასხმა მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფზე“, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს.

აქციის მონაწილეების თქმით, უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც სიტყვის თავისუფლებისა და კრიტიკის გამო, ტელევიზიებს ხურავენ და ართმევენ. ამასთან, აქციის მონაწილეები გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. მათივე განცხადებით, ჩნდება ეჭვები, რომ პროცესში არა მხოლოდ ცალკეული პირები არიან ჩართული, არამედ სახელისუფლო სივრცეც.

ტელეკომპანია „იბერიას“ დღეს სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვეტილი ჰქონდა.

გუშინ „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.

ამასთან, 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.