ირაკლი ლექვინაძე - „ომეგა ჯგუფის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ზეწოლა ბიზნესჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე
ირაკლი ლექვინაძე - „ომეგა ჯგუფის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ზეწოლა ბიზნესჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე

„ომეგა ჯგუფის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ზეწოლა ბიზნესჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ერთი კომპანიის მაგალითზე, რომელსაც დეკლარირებული აქვს საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც გამოყენებულია პოლიტიკური დისკუსიის თემად – თქმა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ზეწოლა ბიზნესსა ან თავისუფალ მედიაზე,  შეუძლებელია და არაკორექტულია. „ომეგა ჯგუფში“ გაერთიანებული რომელიმე კომპანიის აღიარებული დავალიანება არ შეიძლება დაკავშირებული იქნეს ამავე ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიების მოქმედებებთან და არ შეიძლება ეს განხილული იყოს, როგორც  ზეწოლა ბიზნესჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე. „ომეგა ჯგუფში“ შედის სხვა კომპანიებიც, რომლებიც აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით,  „ომეგა ჯგუფის“ საკითხი  გასცდა ბიზნესპროცესების ჩარჩოს და იქცა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად.

„იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა კომპანიასთან, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. „ომეგა ჯგუფი“ აერთიანებს რამდენიმე ბიზნესმიმართულებას. სიგარეტის მწარმოებელ საწარმოს სახელმწიფოს წინაშე დღეს აქვს 50 მლნ. ლარზე მეტი მოცულობის დეკლარირებული დავალიანება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კომპანიის დახმარების ძალიან ბევრი მცდელობა იყო. რეკომენდაციაც მოვამზადეთ, რომ „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში განხილულიყო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, თუმცა იმის ნაცვლად, რომ საკითხი საქმიან ჭრილში განხილულიყო, პოლიტიკური დისკუსიის საგნად იქცა“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. მაუწყებლობის შეჩერებას წინ უძღოდა „იბერიის“ ხელმძღვანელი პირების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. დეპუტატი ნატო ჩხეიძე და მისი მეუღლე „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებენ, რომ მთავრობა ბიზნესში ფინანსური პრობლემების შექმნით ცდილობს „იბერიის“ გაჩერებას.