სასამართლოში „ომეგა 2“-ის დირექტორი იკითხება
სასამართლოში „ომეგა 2“-ის დირექტორი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე იკითხება.

გამოძიებისთვის მისაცემი ჩვენების შინაარსზე მოწმე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ყველა კითხვას უპასუხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები გამოძიებას აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს და საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორებმა თავად მოითხოვეს.

ორშაბათს, შესაძლოა, ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე გამოიკითხოს.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.