ფინანსთა სამინისტრო - „ომეგა ჯგუფში“ შემავალი შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება
ფინანსთა სამინისტრო - „ომეგა ჯგუფში“ შემავალი შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში.

მათივე ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.

„თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა.

„ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა. ცალსახა პროგრესი ამ მიმართულებებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასახულია საერთაშორისო შეფასებებში. ამის დასტურია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგიც, სადაც მედია თავისუფლების მიმართულებით 2012 წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. ამ პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სოციალური ვალდებულება ასობით ათასი პენსიონერის, პედაგოგის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველის და სხვა ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახელმწოფო ვერ დაუშვებს ამ ვალდებულების საფრთხის ქვეშ დაყენებას ვერცერთი კონკრეტული კომპანიის ვალაუვალობის, თუ არასწორი პოლიტიკით წარმოშობილი ვალდებულებების გამო. გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის შეფასებების დიდი ნაწილი, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებზე, დამოკიდებულია სწორედ გამართული ფისკალური პოლიტიკის წარმოებასა და გადასახადების ამოღების მაჩვენებლებზე. სახელმწიფო სწორედ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტების ფარგლებში, ახორციელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ნებისმერ ბიზნეს სუბიექტთან მიმართებაში.

ფინანსთა სამინისტროს დეკლარირებული პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბიზნესის ინტერესები, გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით, ამავდროულად, ვინარჩუნებთ მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რითაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებენ კეთილსინდისიერ გადამხდელებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „იბერიამ“ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.

დატოვე კომენტარი