პროფკავშირების ინფორმაციით, მოსამართლემ ტელეკომპანია „იბერიას“ 33-ვე თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიას 77 000 ლარის გადახდა დააკისრა
პროფკავშირების ინფორმაციით, მოსამართლემ ტელეკომპანია „იბერიას“ 33-ვე თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიას 77 000 ლარის გადახდა დააკისრა

თითოეული მოსარჩელის მიმართ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი თანხების გადახდა, რომლის ჯამური ოდენობაც შეადგენს 77 000 ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტმა, თამარ სურმავამ ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მოსამართლემ გუშინ მიიღო. საქმე ეხება 33 პირს, რომელთა შორის არიან ტელეკომპანიის ტექნიკური სამსახურისა და ჟურნალისტების ნაწილი. ისინი ერთობლივი სარჩელით ყოფილი ხელმძღვანელობისგან ნამუშევარი დღეების ანაზღაურებას და კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ. იურისტის თქმით, სარჩელი მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.

„2018 წლის ოქტომბრის თვეში აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ტელეკომპანია „იბერია ტვ“-დან დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ისე, რომ მათ არ მიეცათ არც შესაბამისი კომპენსაციები, რაც შრომითი კოდექსით არის გათვალისწინებული და არც ნამუშევარი დღეების თანხა აუნაზღაურდათ. ჩვენ წარმოვადგენდით 33 დასაქმებულს, რომლებიც მუშაობდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“ და სასამართლოში მოვითხოვდით კანონით განსაზღვრული კომპენსაციებისა და ნამუშევარი დღეებისთვის შესაბამისი ანაზღაურების დაკისრებას ტელეკომპანიისთვის. სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური, გონივრული, სამართლიანი გადაწყვეტილება. დაგვიკმაყოფილდა სარჩელი სრულად. თითოეული მოსარჩელის მიმართ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი თანხების გადახდა, რომლის ჯამური ოდენობაც შეადგენს 77 000 ლარს“, – განაცხადა თამარ სურმავამ.

როგორც იურისტმა განაცხადა, 33 პირიდან გარკვეული ნაწილისთვის ასანაზღაურებელი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, ტელეკომპანიის მფლობელები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ აღასრულონ. 2 000 ლარს ზემოთ დაწესებული თანხის შემთხვევაში კი, იურისტის ინფორმაციით, „იბერიის“ ხელმძღვანელობა გასაჩივრებას გეგმავს.

„ნაწილი მოსარჩელეების შემთხვევაში ექვემდებარება გასაჩივრებას, ხოლო ნაწილ მოსარჩელეებთან მიმართებით, რომელთა თანხობრივი ოდენობა გარკვეულ ზღვარს არ აღემატება, კანონიერ ძალაში იქნება შესული და უკვე პირდაპირ აღსრულებას გადავცემთ, რათა მოხდეს დაკისრებული თანხების ჩარიცხვა მოსარჩელე მხარეებისთვის. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, თუ მაგალითად, დავა არ აღემატება 2 000 ლარს, იგი აღარ საჩივრდება მეორე ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა უდიდესი ნაწილის თანხობრივი ოდენობა, რომელიც ტელეკომპანიას დაეკისრა, აღემატება 2 000 ლარს, თუმცა, არის ნაწილი, რომელიც არ აღემატება“, – განაცხადა იურისტმა.

თამარ სურმავას თქმით, საქმეზე პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დატოვე კომენტარი