ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მენეჯმენტისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მენეჯმენტისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მენეჯმენტს შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

ტელევიზიის თანამშრომლები დირექტორს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, მათ კითხვებს პასუხი დროულად გაეცეს. წერილში დასაქმებულები ინტერესდებიან, ანაზღაურდება თუ არა მათი ერთი თვის ნამუშევარი და აგრძელებს თუ არა კომპანია მათთან თანამშრომლობას. იმ შემთხვევაში, თუ არხის ხელმძღვანელობა მათ ხელშეკრულებებს გაუწყვეტს, ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ტელეკომპანია „იბერიას“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჯიბღაშვილის შეფასებით, მენეჯმენტი უპასუხისმგებლოდ მოექცა თანამშრომლებს, რადგან მათ ინფორმაცია ტელევიზიის დახურვის შესახებ სხვა მედიასაშუალებიდან მიიღეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური სამსახური სამართლებრივ დავას არ გამორიცხავენ.

„16 ოქტომბერს გავიგეთ სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით, რომ ტელევიზიამ შეაჩერა მაუწყებლობა და მეორე დღეს მოვითხოვეთ თათბირი. გვქონდა ბევრი კითხვა, ვიყავით თუ არა ტელევიზიის თანამშრომლები, გავაგრძელებდით თუ არა მუშაობას, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. კითხვები გვქონდა ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შემდეგ შევთავაზეთ, რომ ჩვენი რესურსით ვიმუშავებდით იქამდე, ვიდრე ამას შევძლებდით, ოღონდ გონივრული ვადა უნდა გვცოდნოდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი უხელფასო მუშაობა, რადგან ჩვენ უკან ოჯახები გვყავს. პასუხი ვერ მივიღეთ. ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან საერთოდ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლობა წყდებოდა. ჩვენს მოთხოვნას წერილობით გადავცემთ ხელმძღვანელობას. დღეს ვითვლებით თანამშრომლებად, მაგრამ არ გვაქვს მუშაობის საშუალება. გვაინტერესებს, როდის მოხდება ჩვენი კუთვნილი ნამუშევრის ანაზღაურება და როდის მოხდება კომპენსაციის ანაზღაურება“, – განაცხადა გიორგი ჯიბღაშვილმა.

პირველი არხი კომენტარისთვის ტელეკომპანია „იბერიას“ დირექტორს, მაკა ჯაფარიძეს დაუკავშირდა. მაკა ჯაფარიძის განცხადებით, ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ გააკეთებს და თუ თანამშრომლებს რამე კითხვები აქვთ, პასუხს მათ გასცემს.