„იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ დამფუძნებლებმა ტელეკომპანია საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენეს
„იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ დამფუძნებლებმა ტელეკომპანია საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენეს

ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ „იბერიას“ დამფუძნებლებმა ტელეკომპანია საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენეს. მათი თქმით, ტელეკომპანიის მფლობელებთან კითხვები აქვთ.

ამასთან, საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თანამშრომლებზე კომპენსაციის გაცემა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. ვახტანგ ხუზმიაშვილის თქმით, ის თანამშრომლების უფლებებისთვის იბრძოდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა სამართლებრივი დავა დაიწყეს, რომელთა უფლებებს საია და პროფკავშირები იცავენ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ განაცხადა, „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები არ ითხოვენ მხოლოდ ხელფასებს, მისი თქმით, საქმე ეხება სიტყვის თავისუფლებას.

„ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავით, არაფერი გვითქვამს და ვაკვირდებოდით მოვლენებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ მაყურებლების წინაშე, რომლებსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვუყვებოდით ამბავს, რომელიც სიმართლე გვეგონა. ვიცავდით სიტყვის თავისუფლებას, რადგან მაშინ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ასე იყო. მას შემდეგ, რაც გარიგებებისა და თამაშის მომსწრე გავხდით, ვალდებულები ვართ, ვთქვათ, რომ ვემიჯნებით ამ პროცესს და რომც აღდგეს მაუწყებლობა, იქ არ დავბრუნდებით. ჩვენ მხოლოდ ხელფასებს არ ვითხოვთ, საქმე ეხება სიტყვის თავისუფლებას. მედია გამოყენებული იყო ბიზნესინტერესებისთვის. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ტელევიზია შეიქმნა კონკრეტული ინტერესებისთვის და დაიხურა კონკრეტული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ.

 

დატოვე კომენტარი