თბილისში პანკისელი ქალებისა და ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
თბილისში პანკისელი ქალებისა და ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

თბილისში ხვალ სოფლად მცხოვრები ქალების წახალისების მიზნით პანკისელი ქალებისა და ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. შესული თანხით პანკისის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებისთვის სამუშაო მასალის შეძენაა დაგეგმილი. შარდენის ქუჩაზე მდებარე გალერეაში წარმოდგენილი იქნება პანკისში დამზადებული პროდუქტი და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, წარმოდგენილი იქნება პანკისის ხეობის თემაზე შექმნილი ფოტო-გამოფენაც.

ღონისძიება პროექტის – „ქალთა გაძლიერება პანკისის ხეობაში ცვლილებებისთვის“ ფარგლებში გაიმართება. მას „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ (KRDF) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.