ეროვნულ გალერეაში „ლაღიძის წყლების" თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება
ეროვნულ გალერეაში „ლაღიძის წყლების" თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება

„მოითხოვეთ ყველგან”-ასე ქვია გამოფენას, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება. ექსპოზიცია სხვადასხვა თაობის 50-ზე მეტი არტისტის „ლაღიძის წყლების” თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

გამოფენის სათაური ეხმიანება წარწერას „მოითხოვე ყველგან”, რომელიც წყლების პირველ სარეკლამო აბრაზე გაჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა.

„ლაღიძის წყლები” თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს. ამ გამაგრილებელი სასმელების ავტორია მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი მიტროფანე ლაღიძე (1869 -1960)

1906 წელს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, მიტროფანე ლაღიძემ თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა დაარსა. ამავე წელს რუსთაველის 24-ში (ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) უალკოჰოლო სასმელების მაღაზიაც გაიხსნა, რომელიც მალევე იქცა ხელოვანების შეკრების ერთ-ერთ მთავარ  ადგილად,  „ლაღიძის წყლების” დაგემოვნება კი თითოეული თბილისელისათვის თუ ქალაქში ჩამოსული სტუმრისათვის ერთგვარი რიტუალი გახდა.

გამოფენა ეროვნულ გალერეაში 18 აპრილამდე გაგრძელდება.