თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, აგრეთვე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიმართეს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

„დღეს ამ ქუჩასა და სკვერს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის – ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა. ჩვენი მოვალეობაა, თაობებს შემოვუნახოთ იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქართული კულტურის შენახვაში, წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. ასეთი ადამიანები წერენ ქვეყნის კულტურის ისტორიას და შთაგონებას აძლევენ მომავალ თაობებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ქართული ხალხური სიმღერა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აქცია.

„სწორედ ამ სკვერისა და ქუჩის სიახლოვეს არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, რომელთანაც პირდაპირი და მრავალწლიანი კავშირი ჰქონდა ბატონ ანზორს. იგი ასევე გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, რაც მისთვის დიდ ჯილდოს ნიშნავდა, თუმცა, უნდა ვთქვათ, თუ რამდენად დიდი ჯილდოა თავად ბატონი ანზორი ჩვენი ქალაქისა და მთელი ქვეყნისთვის. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება არის მცირედი გამოვლინება იმ მადლიერების, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილი ყველა ჩვენგანისგან იმსახურებს“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“. დასასრულ, სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.