ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი სახელწოდებით „პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან“ ორენოვანია და მასში შეტანილია ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული გრამოფონის ფირფიტებისა და საარქივო კარტოთეკათა ნომრები, სიმღერების დასახელება, შემსრულებელთა გვარები და ჩაწერის თარიღები.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის თქმით, კატალოგი ბიბლიოთეკის მიერ გამოიცა.

„ანზორ ერქომაიშვილი არა ერთხელ გვესაუბრებოდა ამ კატალოგის მნიშვნელობაზე. იგი მოპოვებულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკიდან და ერთ ალბომად მოიყარა თავი. ცხადია, მისი მნიშვნელობა განუზომელია და სამწუხაროდ, ბატონი ანზორი ვერ მოესწრო ამ წიგნის ბეჭდურ ვერსიას. თუმცა, მისი სახელის, მის უკვდავსაყოფად ჩვენ ეს კატალოგი გამოვეცით“, – განაცხადა ხოსიტაშვილმა.

გამოცემის რედაქტორის იოსებ ჭუმბურიძის თქმით, ანზორ ერქომაიშვილმა კატალოგზე მუშაობისას ჩანაწერებთან დაკავშირებული დეტალები დააზუსტა.

„შეცდომებით იყო ჩანაწერები, ანსამბლების დასახელება, მომღერლების სახელები და გვარები, გამოსაცნობი იყო სიმღერები, სახელწოდებებიც იყო დასაზუსტებელი, რადგან ჩანაწერები რუსულ ენაზე იყო და მხოლოდ ანზორ ერქომაიშვილი უნდა ყოფილიყო ის, ვინც ამას დაადგენდა, დააზუსტებდა და შემდეგ მოამზადა გამოსაცემად“, – აღნიშნა იოსებ ჭუმბურიძემ.

ამასთან, როგორც ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ ლალი სეთურიძემ განაცხადა, ანზორ ერქომაიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩამოიტანა და ბუღალტრული კანონებით აღრიცხა თითოეული მათგანი.

„სამი წლის წინ, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, მეც ვახლდი მაშინ ლონდონში. ბიბლიოთეკაში ნახა კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაწერი. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩამოიტანა და შეიძლება ითქვას, ბუღალტრული კანონებით აღრიცხა თითოეული მათგანი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. საავადმყოფოში დაასრულა მასზე მუშაობა“, – განაცხადა ლალი სეთურიძემ.

როგორც ანზორ ერქომაიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში წერს, „ბრიტანულმა კომპანია „გრამოფონმა”, თავის დროზე, უდიდესი საქმე გააკეთა: ფირფიტებზე ჩაწერა მაშინდელ დიდებულ შემსრულებელთა ხმები და ქართული ხალხური სიმღერების ორასწლოვანი ვარიანტები, რომელთა დაკარგვა არა მხოლოდ ჩვენი მუსიკალური ფოლკლორისთვის იქნებოდა აუნაზღაურებელი დანაკლისი“.